„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა მელია გლდანის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება. მისი განცხადებით, არჩევნებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, რადგან არჩევანი კეთდება ქვეყნის მომავალსა და უკუსვლას შორის.
მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ ღარიბი ადამიანები გაღატაკდნენ, დასაქმებულებმა სამსახური დაკარგეს და 800 000 ადამიანმა ქვეყნის საზღვრები დატოვა, ამ პირობებში კი მათი კიდევ 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნა ქვეყნისთვის უკუსვლა იქნება.
„ეს არ არის არჩევნები, სადაც ცალკეულმა მაჟორიტარობის კანდიდატმა უნდა მოიგოს და ასე გახდეს დეპუტატი. ამ არჩევნებს მეტი დატვირთვა აქვს ვიდრე ოდესმე. გლდანში, მუხიანში, ავჭალაში და ზაჰესში არჩევანი გაკეთდება ამ ქვეყნის მომავალსა და უკუსვლას შორის. მომავალს გაცილებით მეტი ადამიანი დაუჭერს ვიდრე უკუსვლას.
2012 წელს მოვიდა მილიარდერი და მას შემდეგ ღარიბი გაღატაკდა, დასაქმებულებმა სამსახური დაკარგეს და 800 000 ადამიანმა დატოვა ქვეყნის საზღვრები. ამ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დასაყრდენი, ფარცხალაძე, მურუსიძე და ჩინჩალაძეა, შეუძლებელია ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შანსი მიეცეს და ქვეყანა 4 წლის განმავლობაში მართოს. ოლიგარქია და სახელმწიფო ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.
ნაცმოძრაობა ბევრად უფრო მოქნილი იყო თბილისში, თუმცა რეგიონებში ვერშეთანხმებაც შეთანხმება იქნება. მეორე ტურში მხარდაჭერაც შეთანხმება არის დამიჯერეთ. ოპოზიციონერ კოლეგებს თუ ექნებათ ხედვები და არჩევნები მოვუსმენთ, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ნაციონალური მოძრაობა გეგმავს, რომ რეგიონებში დააყენოს საკუთარი კანდიდატები და მეორე ტურში გასულ კანდიდატებს ყველას მხარი დაუჭიროს.
არ გამოვრიცხავთ, რომ რომელიმე ოლქში შედგეს მოლაპარაკებები და ერთიან კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ჩვენი პოზიციაა, რომ ვიბრძოლოთ რეგიონებში გამარჯვებისთვის დამოუკიდებლად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 150 მანდატიდან 140 თამაშდება პირველ ტურში, ანუ პროპორციული წესით მიღებულ შედეგს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა და პირველი ტურის შედეგები განსაზღვრავს გამარჯვებულის ბედს. მეორე ტური იქნება ფორმალობა.
ბოლომდე არ ვიცით რა სიურპრიზს მოამზადებს ბიძინა ივანიშვილი კვირა დღეს, ეყოფა გამბედაობა, რომ 120/30-ზე პროპორციები მიიღოს?“, - განაცხადა ნიკა მელიამ.