logo
ENG



ნიკა მელიას სასამართლო სხდომა 8 აპრილს ჩაინიშნა

05 აპრ 202114:00
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა. ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ უცნობია, იმსჯელებს თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. მისივე თქმით, დაცვის მხარე გეგმავს შუამდგომლობების დაყენებას.

"ჩაინიშნა არსებითი სხდომა. წინასწარ არ არის ცნობილი, ამ სასამართლოზე მოსამართლე იმსჯელებს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. მას აქვს ამის ვალდებულება 2 თვეში ერთხელ და არაუგვიანეს 17 აპრილისა უნდა მოხდეს. ვინაიდან პირველი სხდომაა, გვექნება მნიშვნელოვანი შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. მოვითხოვთ, ნიკა მელიას მიეცეს უფლება, დაესწროს სასამართლოს", - ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

სასამართლომ ნიკა მელიას 17 თებერვალს შეუფარდა პატიმრობა გირაოს არგადახდის გამო.

***

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.


close დახურვა