ნიკოლა სტარჯონი შოტლანდიის პირველი მინისტრის თანამდებობად ტოვებს. ის აღნიშნულ პოსტს თითქმის რვა წელი იკავებდა.
ედინბურგის პრესკონფერენციაზე შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ "გულითა და გონებით" იცოდა, რომ გადადგომის შესაფერისი დრო იყო.
გადადგომაზე საუბრისას სტარჯონმა განაცხადა, რომ ეს თანამდებობა საუკეთესოა მსოფლიოში. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არ იყო რეაქცია მომენტალურ პრობლემებზე, არამედ უფრო ღრმა და გრძელვადიანი შეფასების შედეგი იყო.
"სწორი იქნება თუ არა ჩემთვის გაგრძელება? და რაც უფრო მნიშვნელოვანია, სწორი იქნება თუ არა ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი პარტიისთვის და დამოუკიდებლობის საქმისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი?" - თქვა სტარჯონმა და პასუხად დაამატა: "არა".
სტარჯონის განცხადებით, ის კლავ ემხრობა იმ აზრს, რომ შემდეგი არჩევნები შოტლანდიაში დე ფაქტო დამოუკიდებლობის რეფერენდუმად უნდა განიხილონ.
სტარჯონი პირველი ქალია, რომელმაც შოტლანდიის პირველი მინისტრის თანამდებობა დაიკავა და პირველია, რომელმაც ასე ხანგრძლივად იმუშავა.
პარტიის წევრები სტარჯონს განსაკუთრებულ ლიდერს უწოდებენ.
ნიკოლა სტარჯონი შოტლანდიის პარლამენტში 1999 წელს აირჩიეს, 2004 წელს კი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
პირველი მინისტრი ის 2014 წელს გახდა, როდესაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმში დამარცხების შემდეგ ალექს სალმონდი გადადგა.