პირველი ოფიციალური ტურნირი, რომლითაც ATP განახლდება, ვაშინგტონში აიღებს სტარტს და მისი ჩატარება 14-21 აგვისტოს არის დაგეგმილი.
500-ქულიანი ტურნირის მონაწილეთა სიაში ნიკოლოზ ბასილაშვილიცაა, რაც გვაძლევს იმის ვარაუდს, რომ ქართველი ჩოგბურთელი შესაძლოა კორტს სწორედ ამ ტურნირით დაუბრუნდეს. ჯერჯერობით ნიკოლოზ ბასილაშვილს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ იგი ვაშინგტონის ATP-ზე მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ამ ტურნირზე დარეგისტრირებულია.
ვაშინგტონის ტურნირზე, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა დარეგისტრირებულნი არიან ისეთი ცნობილი ჩოგბურთელები, როგორებიც არიან: დანილ მედვედევი, სტეფანოს ციციპასი, მილოშ რაონიჩი, კარენ ხაჩანოვი და ა.შ.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 ივლისს აღარ გაიმართება.
ინფორმაცია ფორმულას ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ დაუდასტურა. აბაშიძის ინფორმაციით სასამართლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.