ნიკა გამყრელიძე საჯარო სივრცეში გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის შვილი „ფორმულასთან“ საკუთარ ემოციებზე და მკურნალობის პროცესზე საუბრობს.
„ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს დაავადება მარტის დასაწყისში გამოუვლინდა და ამას შემდეგ ის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა.
პაციენტი ნომერი #10 ფორმულასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ემოციურად რთული იყო დიაგნოზის გაგება და პირველი, რაც იფიქრა იყო ის, დააინფიცირა თუ არა მან სხვა.
ნიკოლოზ გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მკურნალობის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი იყო. ის მადლობას უხდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს პაციენტებთან გამორჩეული მიდგომის გამო.
გამყრელიძე აღნიშნავს, რომ განწყობას და მიდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„5 მარტს დამეწყო რაღაც სიმპტომები. ეს იყო დაბალი სიცხე და მშრალი ხველა. მოხდა ჩემი, როგორც რისკის მატარებელი ადამიანის, გატესტვა და 6 მარტს მითხრეს, რომ კორონიანების გუნდს შევუერთდი. შიშთან ერთად ჩემთვის წინა პლანზე იყო ის, ხომ არ გადავდე ჩემს მეუღლეს, შვილებს, მეგობრებს ან თანამშრომლებს. იმ დღეს ჩემი თანამშრომლების მთელი მენეჯმენტი ან იზოლაციაში მოხვდა ან ჰოსპიტალში მოვხვდით“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
„ევექსის“ დირექტორი მიმართავს იმ ადამიანებს, რომელთაც იმედი აქვთ, რომ მათ ვირუსი არ შეხვდებათ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა დაიცვან სოციალური დისტანცია და ის რეკომენდაციები, რომელსაც გასცემს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
კითხვაზე, როგორი იყო მამის ამირან გამყრელიძის დამოკიდებულება მის დაინფიცირებასთან დაკავშირებით, ნიკოლოზი აცხადებს, რომ მამა ნერვიულობდა, თუმცა ის საზოგადოებაში ამას არ იმჩნევდა.
„მამა ძალიან ნერვიულობდა, ბუნებრივია. შეიძლება არ იმჩნევდა. მე ვნერვიულობდი, რომ მას არ ენერვიულა. მთავარია, რომ მდგრადი ემოციური ფონი და ფსიქიკა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მთელმა გუნდმა იმავე მოწოდების სიმაღლეზე გააგრძელოს ყოფნა, როგორც იყვნენ ბოლო თვის განმავლობაში“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.