მმართველი პარტიისგან რაიმე ცალკეულ შემოთავაზებას უარყოფს ნინო ბურჯანაძე. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიცია ყველა გადაწყვეტილებას დიალოგთან დაკავშირებით მიიღებს საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან.
„მე არავინ შემომხმიანებია და არაფერი შემოუთავაზებიათ. ნებისმიერ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ერთობის შენარჩუნება და ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ერთობლივ მაგიდასთან", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
რაიმე შეთავაზების არსებობას უარყოფს პაატა დავითაიაც. ის ეთანხმება ნინო ბურჯანაძეს და აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ოპოზიციის ერთიან ფორმატში.
„შემიძლია გითხრათ, რომ არც შემოთავაზება მქონია და არც დიალოგი ამ მიმართულებით. მე, როგორც ერთიანი ოპოზიციის კოორდინატორი, ამ საკითხს განვიხილავ მხოლოდ ერთიან ჭრილში", - აცხადებს პაატა დავითაია.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც არსებული პოლიტიკური ტემპერატურის დაწევასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
გირჩის წარმომადგენელის განცხადებით, თალაკვაძეს უთხრა, რომ დიალოგის აღსადგენად პოლიტიკური პატიმრების ციხიდან გამოშვება და ქართული ოცნების მიერ დაპირებული პროპორციული არჩევნების შესრულებაა საჭირო.