„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე ბიძინას გარემოცვას მიმართავს, ურჩიონ მათ მმართველს, დანებდეს მოქალაქეების ნებას.
როგორც მან აქციის დაშლის შემდეგ განაცხადა, ბრძოლა გრძელდება და ხალხი ადგილზე რჩება.
„რობოკოპებით გამოგვდევნეს, საკმაოდ ძლიერი წინააღმდეგობა გავუწიეთ, მაგრამ თქვენ ხედავთ აქ მაინც რამდენი გაღიმებული ხალხია. დამარცხებულია ეს ხელისუფლება, რომელიც სპეცრაზმის ენით ესაუბრება თავის ხალხს. სპეცრაზმის ენით საუბარი არცერთ ხელისუფლებას არ გაუვა. ეს ხელისუფლება დასრულებულია, დღეს საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ მოუწოდა ხელისუფლებას იპოვოს გზა დიალოგისთვის. ბიძინა ივანიშვილი არავის არ უსმენს ისეა შეშინებული, ქალების, ბავშვების, კაცების წინააღმდეგ ჯარი გამოჰყავს. ჩვენ ამ ბრძოლის არ გვეშინია, ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანაა. ბრძოლა გრძელდება. დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილს არაფრის გაგონება არ უნდა, ის არის მრისხანებაში და ამბობს გაწმინდეთ, დაასრულეთ ეს ამბავი, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გაჯიუტდება, მით უფრო სწრაფად დასრულდება მისი ხელისუფლება. თუ ვინმე გონიერი დარჩენია გარშემო, უნდა აიძულონ, რომ დათანხმდეს თავისუფალი მოქალაქეების მოთხოვნას,“ - აცხადებს გოგუაძე.