მედიაექსპერტი ნინო დანელია გუშინ „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე ისაუბრა.
როგორც დანელიამ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა, მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი მმართველი გუნდია.
„ვისი პასუხისმგებლობაა, საერთოდ კითხვა არ ჩნდება. ეს არის ნამდვილად ხელისუფლების პასუხისმგებლობა. თუ კი ჩვენ შეგვიძლია არათავისუფალ, ან ნახევრად თავისუფალ მედიაზე ვისაუბროთ, იმაზე, რომ ვიღაცას ინფორმაციის კონტროლი უნდა და ამას რასაკვირველია აკეთებს ის, ვისაც ძალაუფლება აქვს ხელში. შემთხვევითი ამბავი არ ყოფილა, რაც პარლამენტში ვნახეთ, რა ფორმით ყრიდნენ ჟურნალისტებს დარბაზიდან, რათა ვერ გაგვეგო ამბავი, რაც მოსამათლეების არჩევის დღეს ხდებოდა. ძალიან მტკივნეული თემა იყო და თითქოს ჟურნალისტები ხელს უშლიდნენ. როცა ნახეს, რომ ბესელია ადის სპიკერად, სხვა გზა არ დარჩათ. ჩვენ ვხედავთ ჟურნალისტების არანორმალურ თავდადებას“, - განაცხადა ნინო დანელიამ.
შეგახსენებთ, 14 დეკემბერს "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აქციის დასრულების შემდეგ "ტვ პირველის" ჟურნალისტს სალომე თითმერიას და ოპერატორს ბექა მარჯანიშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
