logo
ENG



ნინო ლომჯარია გენერალური პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს

24 იან 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველზე უპრეცედენტო შეტევის გამო, ნინო ლომჯარია გენერალური პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ის იუსტიციის სამინისტროს და მის ხელმძღვანელს მიზანმიმართული თავდასხმისა და საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ადანაშაულებს. ომბუდსმენის განცხადებით, თეა წულუკიანი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ცდილობს.

სახალხო დამცველის ამ მწვავე მიმართვის მიზეზი, ე.წ. მატროსოვის ციხეში მისი გუშინდელი კონფიდენციალური ვიზიტი გახდა. პატიმრებთან შეხვედრის ფაქტი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა გაუსაჯაროვა და საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში დააკონკრეტა, რომ ომბუდსმენი ირაკლი ოქრუაშვილს და ვანო მერაბიშვილს შეხვდა. ომბუდსმენის ინსტიტუტის დასაცავად, ნინო ლომჯარიამ დღეს ქვეყნის ხელმძღვანელ პირებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

სახალხო დამცველის მიმართვას უფლებადამცველები უერთდებიან. არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ კონფიდენციალური შეხვედრების დეტალების გასაჯაროებით, იუსტიციის მინისტრი სავარაუდოდ სახალხო დამცველის პოლიტიკურ ძალებთან ასოცირებას და მის დისკრედიტაციას ცდილობს. ეს კი ომბუდსმენის აპარატის გარდა, პატიმრებსაც აზარალებს.

სახალხო დამცველის ნებართვის გარეშე, ვიზიტების შესახებ ოფიციალური უწყებების მხრიდან ინფორმაციის გასაჯაროების პრეცედენტს ვერ იხსენებს ყოფილი ომბუდსმენი. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრს კრიტიკული აზრის გამო სახალხო დამცველის დევნა ტრადიციად ექცა.

დღის ბოლოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ომბუდსმენის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა. უწყებაში აცხადებენ,რომ კანონი არ დაურღვევიათ და ინფორმაცია ნინო ლომჯარიას ე.წ. მატროსოვის ციხეში ვიზიტის შესახებ მედიის თხოვნით გაავრცელეს. ნინო ლომჯარიას ბრალდებებს პასუხობენ მმართველ გუნდშიც.

პოლიტიკური ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ომბუდსმენზე თავდასხმა ნინო ლომჯარიასა და თეა წულუკიანს შორის პირად უთანხმოებას ცდება და კრიტიკული აზრის გამო რევანში ხელისუფლების გეგმის ნაწილია. 

იუსტიციის მინისტრსა და სახალხო დამცველს შორის ურთიერთობა რამდენიმე დღის წინ დაიძაბა. როდესაც სახალხო დამცველმა პარლამენტში ციხეებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. თეა წულუკიანმა კი საპასუხოდ ციხის საკანში ომბუდსმენის წარმომადგენლისა და ერთ-ერთი პატიმრის შეხვედრის ამსახველი კადრები გაავრცელა. ნინო ლომჯარია ახლა საგამოძიებო უწყებებისგან მის მიმართვაზე პასუხებს ელოდება.

 


close დახურვა