logo
ENG



ნინო შუბლაძის Whatsapp-ის სტატუსში ატვირთული ტექსტი და მისი განმარტება

19 აპრ 202415:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/19/6c5e73qr0z819kl.png

"ეს თემა ასაწევია, როგორ იყენებენ ფეხბურთელებს, თან ძებნილი კეზერაშვილი აკეთებს კომენტარს, მეტი ლუსტრაცია რაღა გინდა"- ამ შინაარსის ტექსტი დღეს რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის, WhatsApp-ის სტატუსში გამოჩნდა და მალევე წაიშალა.

ფორმულა დაინტერესდა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს დირექტივა, ან როგორ მოხვდა ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის სტატუსში. ჩვენთან საუბარში ნინო შუბლაძე ამბობს, რომ არ იცის, როგორ მოხვდა ეს ტექსტი მის ანგარიშზე, რადგან ჯერ კიდევ ეძინა, როცა დაურეკეს ამის შესატყობინებლად.

შუბლაძე ვარაუდობს, რომ მის WhatsApp-ში ამა თუ იმ გზით შეაღწიეს:

"ალბათ უკვე ვოთსაფიდანაც შემოვიდნენ, მეტი რა გითხრათ, არ ვიცი. ბოლომდე ჩავყვები ამ ამბავს, რომ გავარკვიო როგორ მოხვდა ეს გაუგონარი ტექსტი... მეორე რაღაც ლინკიც ყოფილა, ის არც კი მაქვს. სქრინი მაქვს ჩემივე სტატუსის, რომელიც აქეთ ჩამიგდეს 11-ის ნახევარზე, გამაღვიძეს. WhatsApp-ს რომ სთორი ჰქონდა, ისიც არ ვიცოდი. თუ გავარკვევ, იმასაც შეგატყობინებთ, როგორ მოხვდა... რაღაც გაუგონარი ტექსტი. ვარაუდი მაქვს, რომ ან ვიღაცამ WhatsApp გამიტეხა, ან ვიღაცამ გამიკეთა, მაგრამ ვინ - როგორ გითხრათ. შინაარსში შესვლაც არ მინდა. ვვარაუდობ, რომ შეღწეულია ჩემს WhatsApp-ში, მაგრამ ვინ და რატომ, არ ვიცი", - ამბობს ნინო შუბლაძე.

რაც შეეხება მის მიერ ნახსენებ ლინკს, საუბარია The Guardian-ის სტატიაზე "ქართველი ფეხბურთელები აპროტესტებენ "უცხოური გავლენის" შესახებ კანონს", რომელშიც მოყვანილია მათ შორის დავით კეზერაშვილის ციტატა, სადაც ის ამბობს, რომ "ფეხბურთელების გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ პროტესტს, შესაძლოა იყოს გადამწყვეტი, სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე მათი გასვლა მილიონებმა აღნიშნეს".

აღსანიშნავია, რომ დღეს, 19 აპრილს შუბლაძის სტატუსის გამოქვეყნებიდან მალევე, სამთავრობო მედიის, იმედის დილის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით "გარდიანის" სტატია - ოლიგარქ კეზერაშვილის მანიპულაცია".


close დახურვა