logo
ENG



ნინო წილოსანი: მიმაჩნია, რომ შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები შეიძლება შემსუბუქდეს

20 თებ 202113:05
3 წუთის საკითხავი
 
ნინო წილოსანი: მიმაჩნია, რომ შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები შეიძლება შემსუბუქდეს

ნინო წილოსანი ფიქრობს, რომ შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს ისევე, როგორც ზამთრის კურორტებზე დაწესებული აკრძალვები.

ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, რომ ის რეგულაციების შემსუბუქების მომხრეა.

„ყოველთვის როგორც საჯარო, ისე დახურულ შეხვედრებზე ვახმოვანებ აუცილებლობას რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მათ შორის, აქტიურად ვითხოვდი ტრანსპორტის და სკოლების უფრო ადრე გახსნას ვიდრე ეს რეალურად მოხდა.

ახლაც მიმაჩნია, რომ შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები შეიძლება შემსუბუქდეს, რადგან არ წარმოადგენს განსაკუთრებულ რისკებს. ასევე, ეკონომიკის მინისტრს ვთხოვე ზამთრის კურორტების გახსნა, თუნდაც თავდაპირველად სასტუმროების ნაწილში", - წერს ნინო წილოსანი.

რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, შაბათ-კვირას კვლავ იკრძალება ეკონომიკური საქმიანობა: არ მუშაობს კაფე-ბარები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. ასევე, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად შეზღუდვები 2020 წლის ნოემბერში ამოქმედდა. 

შეზღუდვების ნაწილი, მთავრობის მტკიცებით, ეტაპობრივად მოიხსნება, თუმცა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეკონომიკისთვის შეზღუდვების არსებობა დამღუპველია. ისინი მოითხოვენ, გაუქმდეს კომენდანტის საათი, მიეცეს ბიზნესს შაბათ-კვირას მუშაობის საშუალება, რაც ამ ეტაპზე ეკრძალება, და სარესტორნე ბიზნესს მისცენ შიდა სივრცეების გახსნის უფლება.

შეზღუდვების გასაპროტესტებლად აქციებს მართავენ სამოქალაქო აქტივისტები და კომენდანტის საათს დემონსტრაციულად არღვევენ.


close დახურვა