ნინო ხაჟომიამ აჭარის მაუწყებელი დატოვა. ახალი ამბების რედაქტორის პოზიციაზე მას ფირუზ ბოლქვაძე შეცვლის.
ცნობილი ხდება ისიც, რომ შორენა ღლონტი, რომელიც ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნინო ხაჟომიამ, აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე ჩაანაცვლა.
მაია მერკვილაძის შტატი გასულ კვირას პროტესტის ფონზე გააუქმა ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ. ამ შტატის გაუქმებას მაუწყებლის სამი მრჩეველი დასთანხმდა. მანამდე კი მორიგი აქცია გაიმართა ტელევიზიის თანამშრომლების მხარდასაჭერად. „ივანიშვილის ცენზორები“ - ამ წარწერებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებისა და დირექტორის ფოტოები მოძრაობა „ალტერნატივას" წევრებმა მაუწყებლის შენობის წინ გამოფინეს. აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად პირზე წებოვანი ლენტიც მიიკრეს.