logo
ENG



ნიუ-იორკის სასამართლომ თაღლითობის საქმეზე ტრამპის პასუხისმგებლობა ცნო

27 სექ 202308:58
3 წუთის საკითხავი
 

ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის პასუხისმგებლობა ცნო - ტრამპი თავისი აქტივებისა და უძრავი ქონების ღირებულებას უკანონოდ ზრდიდა. დადგენილება მოსამართლე არტურ ემგორონმა გამოიტანა.

ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა ტრამპი თაღლითობაში დაადანაშაულა და სარჩელი 2022 წლის სექტემბერში შეიტანა. სარჩელის თანახმად, ტრამპის ძირითადი კომპანია, The Trump Organization ათი წლის განმავლობაში ატყუებდა ფინანსურ ორგანოებს მის აქტივებთან დაკავშირებით, რათა სესხებითა და სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობისას საბანკო შეღავათებით ესარგებლა.

გადაწყვეტილება, რომელიც 26 სექტემბერს მიიღეს, ლეტიცია ჯეიმსის სამოქალაქო სარჩელზე საბოლოო არაა და მისი განხილვა 2 ოქტომბერს გაგრძელდება. პროკურორი მოითხოვს, რომ ტრამპსა და მის ვაჟებს, დონალდ უმცროსსა და ერიკს, Trump Organization-ში ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ, ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს ზარალის ანაზღაურების სახით 250 მილიონი დოლარის გადახდა დაევალოს.

ეს ერთ-ერთი საქმეა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. მიმდინარე წელს მას ოთხი ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის საქმეებზე: შეთქმულებაში მონაწილეობა, რამაც 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შტურმი გამოიწვია; შეთქმულება ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით; საიდუმლო დოკუმენტების შენახვა მარ-ა-ლაგოს მამულში; ფინანსური დოკუმენტების გაყალბება.


close დახურვა