სამედიცინო ცენტრ „ნიუ ჰოსპიტალის“ დირექტორი გიორგი კორძახია აცხადებს, რომ საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, მას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდება.
გიორგი კორძახიას თქმით, ჯერჯერობით უცნობია როდის გაწერენ პაციენს.
„საავადმყოფოში გულის შეტევით შევიდა. ყოველ დღე უტარდება სამედიცინო კვლევა და მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა. იმ შემთხვევაში თუ მას პატიმრობა შეეფარდება, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდეს“, - აცხადებს კორძახია.
ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
დაზარალებული თამთა თოდაძე ჯიშკარიანისთვის საკრებულოში უფლებამოსილების შეჩერებასა და მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
პროკურატურამ ჯიშკარიანს ბრალი საავადმყოფოში წარუდგინა.
ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).