logo
ENG



ნოდარ მელაძის თქმით, ცესკოს თავმჯდომარე შაბათის ეთერის გუნდზე ზეწოლას ახდენს

12 სექ 202413:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/12/rt54696i267a1wc.png

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ტელეპროექტის ავტორი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შაბათის ეთერის გუნდზე ზეწოლას ახდენს და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება.

დღეს, 12 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ TV პირველის ჟურნალისტები ცესკოს თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარაუდო უკანონო დამუშავებაში დაადანაშაულა.

ნოდარ მელაძე კალანდარიშვილის ამ განცხადებას ტყუილს უწოდებს.

"ეს არის ტყუილი! თუ ჟურნალისტი გაიგებს ტელეფონის ნომერს ან მისამართს, რომ დასვას კითხვები და გადაამოწმოს ფაქტები, რომელიც ეხება კონკრეტულ მასალას, რატომ არის ეს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება. იცით რა იგულისხმა ცესკოს შეფმა? საიდან გაიგეს მისამართებიო" - ამბობს მელაძე.

საგამოძიებო ტელეპროექტის ჟურნალისტების თქმით, ცესკოს თავმჯდომარის განცხადება იმის შესახებ, რომ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობას გადახედავს, მუქარაა.

"ჩვენ მოვითხოვთ ამ ჩანაწერის მკაფიო განმარტებას, რას ნიშნავს თანამშრომლობის გადახედვა? ანუ აკრედიტაციის შეჩერებას? არჩევნების პროცესში ცესკოში და საარჩევნო უბნებზე აღარ შეგვიშვებენ რომ არჩევნები აღარ გავაშუქოთ, თუ ქართული ოცნების მსგავსად ბოიკოტის რეჟიმში გადავლენ და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ უპასუხებენ.

ჩვენ აღვიქვამთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებებს რეალურად მუქარად, რადგან დიდია რისკი, რომ ერთი პარტიის ლეგიტიმაციით თანამდებობაზე არჩეულმა გიორგი კალანდარიშვილმა მედიაზე ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს, ამავე პარტიის კონტროლის ქვეშ მყოფი, სასამართლოს კლანი ჟურნალისტების დასასჯელად. რაც მანამდე არაერთხელ გაუკეთებიათ მაღალი თანამდებობის პირებს" - აცხადებს მელაძე.

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი მოუწოდებს ცესკოს ადმინისტრაციასა და მათ თანამშრომლებს, "მუქარის, დაშინების მცდელობის და შანტაჟის ნაცვლად, უპასუხოს კითხვებს, რომელიც კონკრეტული მასალის მზადებას პროცესში მედიას აქვს".


close დახურვა