logo
ENG



ნოდარ რუხაძე: შეკრების თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში არის შერჩევითი

17 ივნ 202015:41
3 წუთის საკითხავი
 

 

სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მშვიდობიან შეკრებას ეხება. ანგარიშში ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ხარვეზებზე და სამართალდამცავთა ქმედებებზე საუბრობს.

სახალხო დამცველის ანგარიშში ნახსენებია 20 ივნისს დაზარალებული აქციის მონაწილეები რომლებსაც დარბევამდე სიტყვიერი გაფრთხილება არ მიუღიათ.

20 ივნისის აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის ანგარიში კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ სახელმწიფო გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას ცდილობს და მიაჩნიათ, რომ მიდგომა აქტივისტების მიმართ არის შერჩევითი.

სამოქალაქო აქტივისტი და 20 ივნისის აქციის მონაწილე ნოდარ რუხაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

„სამწუხაროდ გამოხატვის და შეკრების თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში არის შერჩევითი და ყველაფერი, რაც ხორციელდება მის დასაცავად, თუ ხელსაყოფად, არის ასევე შერჩევითი. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და სწორედ ამ მხრივ გაიმყაროს საკუთარი პოზიციები, დასაჯოს სამოქალაქო აქტივისტები. ჩვენ გვახსოვს 31 დეკემბრის ღამე, როდესაც სამოქალაქო აქტივისტები დაგვაკავეს დგომის გამო, რადგან ვაპროტესტებდით ხელისუფლების ჩადენილ უსამართლობას და ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ჯაჭვი, რომელიც საბოლოოდ გამოიხატება იმაში, რომ ფაქტობრივად გამოიხატება იმაში, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი მიდის არა წინ, არამედ უკან“, - განაცხადა რუხაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სისტემურ პრობლემებზე მიუთითებენ. 

როგორც „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი გია გვილავა აცხადებს, ომ ხარვეზები არსებობს როგორც საკანონმდებლო მიმართულებით, ასევე ცალკეული სამართალდამცველების ქმედებების მიმართულებით. 

„არის პრაქტიკული პრობლემები და თავად პოლიციის რეგულირებები, მაგალითად როგორ ხდება უფლებამოსილებების გამიჯვნა. ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ დიდი ნაწილის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დელეგირება შეიძლება და ბოლოს ვერავინ გაიგებს ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო, რაც 20 ივნისს გვქონდა ჩვენ ასეთი პრობლემა. ეს პირდაპირ აისახება გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების მნიშვნელოვან უფლებაზე. გარდა ამისა, კონკრეტული საზიანო შედეგები დგება ასეთი ტიპის ქაოსით. 20 ივნისს კანონში იყო რეგულირებული რაღაც საკითხები და ისიც კი არ შესრულდა. საქმე გვაქვს სერიოზულ პრობლემასთან, სისტემურ ხარვეზთან, რომელიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პრობლემებთან“, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა.



close დახურვა