პოლიტოლოგმა გია ნოდიამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ სისუსტე გამოიჩინა და ასე გაუჭირდებოდა არჩევნების მოგება.
ნოდიას აზრით, ივანიშვილმა სისუსტეების დასაფარად, ჯერ გახარია დააწინაურა და შემდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება არ შეასრულა.
„ჩემი აზრით, ხელისუფლება შეგნებულად გადმოვიდა შეტევაზე და ეს დაიწყო გახარიას პრემიერობით. 20 ივნისის ღამის შემდეგ ივანიშვილმა ჩათვალა, რომ სისუსტე გამოიჩინა და რაღაც დათმობები გააკეთა და ასე გაუჭირდებოდა 2020 წელს არჩევნების მოგება. გახარიას გაპრემიერების შემდეგ, ახლა შემდეგი თავხედური ნაბიჯია მისი დაპირების არ შესრულება. ხელისუფლება ეუბნება საზოგადოებას - აბა, რას მიზამ? ფაქტობრივად, ერთგვარად, პროვოკაციას უწევს. შენ გიბიძგებ, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადახვიდე და ამით, რეიტინგი დავიბრუნო - მე ვარ წესრიგის დამცველი და ოპოზიცია დამრღვევი. ამ სტრატეგიას ვხედავ მე. ოპოზიციაში მაინცდამაინც პოლიტიკურ პარტიებს არ ვგულისხმობ, არამედ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებასაც," - განაცხადა ნოდიამ.
შეგახსენებთ, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობიდან პრემიერის თანამდებობაზე გადაიყვანეს. გარდა ამისა, მმართველმა გუნდმა დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი.