logo
ENG



ნუ შეეცდებიან ადამიანების ჯანმრთელობით სპეკულირებას - ვაშაძე არჩევნების გადადებაზე

14 ივნ 202012:32
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიის გამო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადადება მმართველი გუნდის ალტერნატიული გეგმაა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში აამოქმედებენ - ასე აფასებს ოპოზიცია „ქართული ოცნების“ განზრახვას.

„ახალ საქართველოში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსის საბაბად გამოყენება ადამიანების ჯანმრთელობით სპეკულირებაა, რაც დაუშვებელია.

„თუ ოქტომბრის ბოლოსთვის მათ ექნებათ მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა, შეეცდებიან გადაიტანონ არჩევნები დეკემბერში. ეს არის ცეცხლთან თამაში, ეს არის ადამიანების ნერვებზე თამაში. შიმშილი, გაჭირვება, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. არანაირი ვითარება არ არის, რომ არჩევნები გადაიდოს და ნუ შეეცდებიან ადამიანების ჯანმრთელობით სპეკულირებას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ევროპულ საქართველოში“ კი ამბობენ, რომ არჩევნები რა დროსაც უნდა გაიმართოს, მმართველი ძალის დამარცხებით დასრულდება, თუმცა გადადებაზე საუბარი მაინც უსაფუძვლოა.

„ამგვარ საუბარს ობიექტური საფუძველი არ გააჩნია. როცა უნდა გაიმართოს არჩევნები, ჩვენი აზრით, კონსტიტუციით დადგენილ დროს უნდა გაიმართოს, იმდენად აშკარაა საზოგადოების თანხმობა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა შეიცვალოს პროდასავლური კოალიციური მთავრობით, ოქტომბერში იქნება თუ სხვა დროს, მთავრობა განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად", - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მარცხი გარდაუვალია, მაგრამ პოლიტიკური პარტიები არ მისცემენ მმართველ ძალას იმის უფლებას, რომ დაარღვიონ კონსტიტუცია და გადადონ არჩევნები.

„ქართული ოცნება" არის შესული მძიმე ვითარებაში - მათ ემუქრებათ არჩევნებში მარცხი, მიუხედავად იმისა, როდის ჩატარდება. არავინ არ აპირებს, რომ მათ მისცეს შესაძლებლობა, დაარღვიონ საქართველოს კონსტიტუცია, დაარღვიონ მოქალაქეების უფლება, რომ არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების გადადების შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა - მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, არჩევნები, შესაძლოა, დეკემბერში ჩატარდეს.


close დახურვა