დაუდგენელმა პირებმა, თაღლითური გზით, "ლიბერთი ბანკის" ფილიალის ლომბარდიდან ოქროს მარაგის დიდი ნაწილი მიითვისეს. ოზურგეთის პოლიციამ "ლიბერთი ბანკის" ოზურგეთის ფილიალში მომხდარ თაღლითობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ბანკში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ჯერ-ჯერობით დეტალებზე არ საუბრობენ.
როგორც შსს-ში "ფორმულას" განუცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც თაღლითობას გულისხმობს. ცნობილია ისიც, რომ ეტაპზე დაკავებული ამ საქმესთან დაკავშირებით არავინ არ არის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ "გურიის მოამბის" ინფორმაციით, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, თაღლითური გზით, "ლიბერთი ბანკის" ოზურგეთის ფილიალის ლომბარდიდან ოქროს მარაგის დიდი ნაწილი მიითვისეს. თაღლითებმა ბანკში სესხის მიღების გზით ჩაბარებული ძვირფასეულობის სანაცვლოდ ბანკის საცავში იაფფასიანი ბიუჟუტერია დატოვეს. არაოფიციალური ინფორმაციით გამოძიება ამ ბანკის რამდენიმე თანამშრომლითაც დაინტერესდა.