logo
ENG



ოთხი პოლიტიკური კოალიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

30 ნოე 202419:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/30/yd8mpoc1mqc1zyt.jpg

ოთხი პოლიტიკური გაერთიანება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვითარებიდან გამოსავალი საერთაშორისო ჩართულობით ახალი არჩევნების ჩატარებაა.

ამასთან, ისინი ყველა დაკავებული დემონსტრანტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

"ქართველი ხალხის ლეგიტიმური მანდატის მქონე კოალიციები/პარტიები ერთად ვუპირისპირდებით ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმს და მის მიერ ორგანიზებულ სისტემურ ძალადობას მშვიდობიანი მანიფესტანტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ყველა დაკავებული დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევით ვიბრძვით ქუჩაში ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი საერთო სახელმწიფოს გადასარჩენად. თანამშრომლობის რეჟიმში ვთანხმდებით, რომ ქმედით დახმარებას აღმოვუჩენთ დემონსტრანტებს, მათ შორის სამართლებრივი, საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერით.

შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან გამოსავალია ახალი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო ჩართულობით, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის და პოლიტიკურად ნეიტრალური სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო უწყებების პირობებში.

ერთად მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისტემური ძალადობა, გააკეთონ მკაფიო განცხადებები მიტაცებული არჩევნების შედეგების არ აღიარების თაობაზე და გადადგან ქმედითი საპასუხო ნაბიჯები. ჩვენი ბრძოლა საერთოა და ის ქართული დემოკრატიის და მისი ევროპული პერსპექტივის გამარჯვებამდე გაგრძელდება“, – ნათქვამია პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა