გამყოფი ხაზიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაქრო ბუთხუზის ადგილამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. გატაცებულის ოჯახის წევრებს, რომლებსაც მედიასთან კომენტარის გაკეთება არ სურთ, ოკუპანტების მხრიდან ჯერ არავინ დაკავშირებია. მეზობლები ყვებიან, რომ ზაქრო ბუთხუზი, ძმასთან ერთად, საკუთარ ნაკვეთში მუშაობდა. ძმამ გაქცევა მოასწრო, თუმცა ზაქრო ბუთხუზს ოკუპანტებმა იარაღი დაუმიზნეს, შეაბამისად მან გაქცევა ვეღარ შეძლო. ადგილობრივები ასევე ყვებიან, რომ გატაცების საფრთხე მუდმივად არსებობს და ამ მხრივ თავს დაცულად ვერასდროს ვერ გრძნობენ. გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია და პროცესში ჩართულია ევროკავშირის მისია.
„საკუთარი ნაკვეთიდანაა წაყვანილი. ყველაფერი კეთდება მის გასათავისუფლებლად“, - აცხადებს თავზარაშვილი.
ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს. უწყებაში აცხადებებენ, რომ ცხელი ხაზი უკვე ამოქმედებულია. შეგახსენებთ, რომ ბუთხუზი, 4 წლის წინ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ოკუპანტებს ერთხელ უკვე ჰყავდათ დაკავებული.