logo
ENG



ოკუპანტების მიერ გატაცებული მღებრიშვილის ოჯახი აქციების დაწყებით იმუქრება

22 აგვ 202019:55
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო სასამართლომ სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი საზღვრის უკანონო კვეთაში დამნაშავედ სცნო და 3-თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში 3 ივლისის შემდეგ იმყოფება. თავდაპირველად მას, გარდა საზღვრის უკანონო კვეთისა, ოკუპანტები ბრალს წითელ წიგნში შეტანილი ღამურების მოპოვების მცდელობაშიც დებდნენ. თუმცა აღნიშნულ ეპიზოდზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღარ უსაბრიათ.

მღებრიშვილის ოჯახი მთავრობისგან დაკავებულის გათავისუფლებაში დახმარებას მოითხოვს და ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციებს აანონსებენ.

ოკუპანტების ტყვეობაში რჩება კიდევ ერთი გატაცებული, 33 წლის ზაზა გახელაძეც. გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით ის ფეხში დაჭრილი ამჟამად ცხინვალის საპატიმროში იმყოფება. მათ არანაირი დამატებითი ინფორმაცია დაკავებულის შესახებ არ აქვთ. ოჯახმა არ იცის გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.  

ხვიჩა მღებრიშვილს შეფარდებული 3-თვიანი პატიმრობიდან თვე-ნახევარი უკვე მოხდილი აქვს. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, მათ გაურკვეველი პირები ურეკავენ და გაჩუმებას თხოვენ. რაც შეეხება ზაზა გახელაძეს ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და დამატებითი ინფორმაცია მის შესახებ ჯერ ჯერობით არ ვრცელდება. ამ დროისთვის ორივე გატაცებული ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. ბოლო წლის განმავლობაში ოკუპანტებმა 2600 საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს.


close დახურვა