logo
ENG



ოკუპანტების მიერ დაკავებული ბუთხუზის ბიძა: არავინ იცის მისი მდგომარეობის შესახებ

07 ნოე 201916:49
3 წუთის საკითხავი
 
918lvc6gk7ihvks.png

ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის განაპირას დაკავებული ზაქრო ბუთხუზის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი. როგორც „ფორმულასთან" საუბარში ბუთხუზის ბიძა გენადი ბუთხუზი აცხადებს, ერთადერთი რაც იციან არის ის, რომ დაკავებული ცხინვალში იმყოფება.

„არავინ დამკავშირებია. ვიცი, რომ დღეს დასვენების დღეა და არაფერი იქნება. სავარაუდოდ, ჯარიმა იქნება. არავინ იცის მისი მდგომარეობის შესახებ. ვიცით, რომ ცხინვალშია,“ - განაცხადა გენადი ბუთხუზმა.

სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ბუთხუზის გატაცება ჩორჩანას ტყეში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

„ეს არის ჩვეული ამბავი, რომლებსაც ოკუპანტები ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებენ. იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანს მალე დააბრუნებენ. ალბათ, ხვალ ჩატარდება მათი ე.წ. სასამართლო რის შემდეგაც მას დააბრუნებენ. ვფიქრობ, ეს უკავშირდება ჩორჩანას ტყეში მიმდინარე პროცესებს. რუსი ოკუპანტები ამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინონ საზოგადოებაზე,“ - განაცხადა ქაცარავამ.

როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, დაკავების დროს ზაქრო ბუთხუზი ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ძმამ გაქცევა მოახერხა, ხოლო ზაქრო ბუთხუზს იარაღი დაუმიზნეს. ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და ამბობენ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმის კურსშია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

28 წლის ზაქრო ბუთხუზი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას 6 ნოემბერს დააკავეს. ზაქრო ბუთხუზი 4 წლის წინ ოკუპანტებს ერთხელ უკვე ჰყავდათ დაკავებული ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით.

 

 

 

 


close დახურვა