მაშინ, როდესაც მსოფლიო ცდილობს ნაკლებად დამოკიდებული იყოს რუსულ ენერგეტიკულ რესურსებზე, ჩვენ ოკუპანტის უბეში ვძვრებით. საიდუმლო ხელშეკრულება რუსულ გაზპრომთან საქართველოს მთავრობამ აპრილში გააფორმა და რაც უნდა ვეცადოთ, გავარკვიოთ, თუ რატომ გადაწყვიტეს გაზი ვიყიდოთ ოკუპანტისგან, ვერ გავიგებთ, რადგან საიდუმლო ხელშეკრულებას გრიფი ადევს.
ცნობილია, რომ გაზის მთავარი მომწოდებლისგან - აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი შემცირდა და რუსეთიდან გაიზარდა. ეკონომიკის მინისტრი გვარწმუნებს, რომ ოკუპანტი გაზს უფრო იაფად გვაძლევს და ეს ერთ-ერთი მიზეზია კრემლის კარის და პუტინს დაქვემდებარებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისა.
თუმცა "ფორმულამ" გაარკვია, რომ საქართველო ოკუპანტი რეჟიმისგან გაზს 2-ჯერ ძვირად ყიდულობს - თურნავას მალე რუსულმა მედიამაც უპასუხა, საიდანაც გავიგეთ, რომ კრემლი საქართველოს გაზის ტარიფს არ უმცირებს - სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა: რა წერია საიდუმლო დოკუმენტში და საერთოდაც, რატომაა ის საიდუმლო?
საგულისხმოა ერთი დეტალი: ოკუპანტთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ არაფერი იცის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა. არადა, წესით, უნდა იცოდეს.
რა თანხას იხდის საქართველო რუსეთიდან ნაყიდ ბუნებრივ აირში ან რას უხდის რუსეთი სომხეთში გატარებული ტრანზიტის სანაცვლოდ, საიდუმლოა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გრიფირებული დოკუმენტები იმაზე მეტს მალავს, ვიდრე გაზის ტარიფია.