logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთში მობილიზაციის პარალელურად, სამხედრო გაწვევა დაიწყო

03 ოქტ 202215:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/03/hcd8hact3jmj7a6.jpg

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთში მობილიზაციის პარალელურად სამხედრო გაწვევა დაიწყო. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, შესაბამის ბრძანებას ხელი ასლან ბჟანიამ მოაწერა. 

სამთავრობო სააგენტო აპსნიპრესის ცნობით, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება აფხაზეთის რეზერვში არ მყოფი და სამხედრო სამსახურში მყოფი 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეების სამხედრო გაწვევა. 

აპსნიპრესი წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მინისტრთა კაბინეტს, სოხუმის ადმინისტრაციასა და რაიონის გამგეობებს დაევალათ, უზრუნველყონ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

მანამდე აფხაზეთში შეიქმნა სამობილიზაციო მომზადების სამუშაო ჯგუფი, ხოლო 26 სექტემბერს ასლან ბჟანია ქალაქებისა და რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს შეხვდა და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით დაინტერესდა. 

აპსნიპრესი წერს, რომ 21 სექტემბერს რუსეთის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიურად განიხილება საკითხი, შეეხება თუ არა ის მათ მოქალაქეებს. 

სოხუმში ფიქრობენ, რომ მობილიზაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ორმაგი - რუსეთის და "აფხაზეთის" მოქალაქეობის მქონე პირებს.


close დახურვა