ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
დაინფიცირებული ერთი ადამიანი რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია, რომელიც აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა, მეორე პირი კი, გუდაუთის მე-7 რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც დაღესტნიდან ჩამოვიდა.
ორიდან ერთი პაციენტი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას, მეორე კი გუდაუთის სამხედრო ბაზის ლაზარეთში.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 17 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან 2 გამოჯანმრთელებული, 1 კი, გარდაცვლილია. საკარანტინო სივრცე 8 ადამიანმა უკვე დატოვა. არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.