logo
ENG



ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიცია საპროტესტო აქციების ჩატარებას კვლავ აპირებს

31 მაი 202310:41
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების ჩატარებას კვლავ აპირებს.

გუშინ ე.წ. დიდი სახალხო მიტინგი ჩატარდა. ორგანიზაცია "აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელმა უარი თქვა მოთხოვნების შესრულებაზე, რის გამოც აქციებს გააგრძელებენ. მან შეკრებილებს მიმართ, მზად იყვნენ თუ არა მისულიყვნენ პარლამენტთან, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი "ანტიეროვნულ ინიციატივას" წარადგენდა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

"ამ დღიდან ჩვენ ვაცხადებთ საპროტესტო აქციების სერიას და ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ეს ანტიეროვნული მთავრობა წავიდეს", - განაცხადა არძინბამ.

30 მაისის აქციაზე რეზოლუცია მიიღეს. დე ფაქტო მთავრობის გადადგომის გარდა, ოპოზიციამ მოითხოვა რეფორმების საბჭოს შექმნა; ენგურის ხიდზე ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება; ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შესახებ განკარგულების გაუქმება; რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის ობიექტების გადაცემაზე უარის თქმა; რუსეთთან შეთანხმების გაუქმება სასამართლო გადაწყვეტილების ურთიერთ აღიარების შესახებ; აფხაზეთის დედაქალაქის ურბანული დაგეგმარების კოდექსის შექმნა და სხვა.


close დახურვა