ოკუპირებულ ქვეყანას უსაფრთხოების საბჭოსა და დაზვერვის სამსახურის უფროსი არ ჰყავს. ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურებულია, ლევან იზორია სამსახურეობრივ მოვალეობას ამ პოსტებზე უკვე აღარ ასრულებს. იზორია ამტკიცებს, რომ ამის ერთადერთი მიზეზი გერმანიაში ელჩად მისი დანიშვნის გადაწყვეტილებაა. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლევან იზორიას წინააღმდეგ მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე პროკურატურის თაროზეა შემოდებული. საქმეები კი უწყებაში კორუფციულ გარიგებას ეხება. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი ფორმულას უყვება, რომ იზორიას წინააღმდეგ დევნა ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ გააქტიურდა და საბოლოო გადაწყვეტილებას მისი დაკავებისა, თუ ელჩად დანიშვნის საკითხზე, ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.
თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი „ფორმულასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰყვება, რომ პროკურატურამ იზორიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო თუმცა საქმე პირადად ივანიშვილის დავალებით შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებით „ოცნებამ" წინასაარჩევნოდ გართულებების თავიდან აცილება სცადა. არადა საგამოძიებო უწყებას მასალები არაერთი კანონდარღვევის შესახებ აქვს. გიგი კალანდაძის ინფორმაციით, საქმე ეხება იზორიას მინისტრობისას, თავდაცვის უწყებაში ჩატარებულ უკანონო ტენდერებსა და კორუფციულ გარიგებებს. მათ შორის არის აუდიტის დასკვნაში მოყვანილი ფაქტები. საფინანსო სამსახური თანხებს წლების განმავლობაში ყოფილი თანამშრომლების ანგარიშებზე უკანონოდ რიცხავდა,თუმცა სად მიდიოდა ასობით ათასი ლარი, უცნობია.
ლევან იზორია თავდაცვის უწყებას სექტემბერში ჩამოაშორეს. სამინისტროში მისულმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკადრო წმენდა დაიწყო. წინამორბედის უკანონო გარიგებებში შესაძლო მონაწილეობაზეც პროკურატურას , ჩვენი ინფორმაციით, სწორედ მან აცნობა. ამ სამართლებრივი საქმეების გამო სამინისტროს შემდეგ იზორია დაზვერვის დეპარტამენტიდანაც გაუშვეს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებაში" ისევ კლანური დაპირისპირებაა, ამჯერად ასპარეზზე ისევ ღარიბაშვილის კადრები ბრუნდებიან.
იზორია ამტკიცებს, რომ გერმანიაში ელჩობა მისი პირადი სურვილი იყო და დაზვერვის დეპარტამენტიდან მისი ჩამოშორება სკანდალებს არ უკავშირდება. იზორიას სამართლებრივ საქმეებზე საუბარს დღეს მისი თანაგუნდელებიც გაურბიან.
თუმცა ანალიტიკოსები შიშობენ, რომ იზორიას ელჩობა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებსაც დააზიანებს. მისი შელახული იმიჯის გამო. რაც შეეხება უფროსის გარეშე დარჩენილ უსაფრთხოების საბჭოსა და დაზვერვის სამსახურს, ეს ოკუპაციის პირობებში განსაკუთრებით სახიფათოა.
იზორია ამტკიცებს, რომ მისი ელჩად დანიშვნის პროცედურები დაწყებულია თუმცა შეუდგება თუ არა ის გერმანიაში უფლება-მოსილების შესრულებას ჯერ უცნობია. საქმის მასალები პროკურატურას მზად აქვს და ოპოზციის ინფორმაციით, ივანიშვილის დასტურს ელოდება.