ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ზუგდიდში ვიზიტი დაადასტურა. კრისტინა ოზგანი sputnik-abkhazia-ს უყვება, რომ ენერგეტიკული კრიზის შესახებ ენგურჰესის წარმომადგენლებს ესაუბრა და მომდევნო წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის მიწოდების საკითხები განიხილა.
მარიონეტული მთავრობის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ვარდნილ ჰესების რეაბილიტაცია სურთ - ამ პროექტით რუსი ოლიგარქები არიან დაინტერესებულები, თუმცა დე ფაქტო ოპოზიციის ნაწილი რეაბილიტაციის ჩატარებას ქართულ მხარესთან ითხოვს იმ დათქმით, რომ გამომუშავებული ენერგიის 50 პროცენტს უსასყიდლოდ მიიღებენ.
გუშინ გამოცემა BMG-მ დაწერა, რომ როგორც ენგურჰესში დაუდასტურეს, ქრისტინა ოზგანს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე შეხვდა.
ოზგანის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 23 დეკემბერს ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა. ამ ცნობების შესახებ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ საქართველოს ოფიციალურ უწყებებს.