ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე მორიგ ულტიმატუმს აყენებს. ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ სოფელ წნელისთან ქართული პოლიციის პოსტის აშენების შემდეგ შექმნილ ვითარებზე რეაგირება ისეთია, როგორსაც ცხინვალში თვლიან საჭიროდ, რათა ქართულ მხარეს ამ პრობლემის გადაჭრისკენ უბიძგონ; ხოლო საზღვრების ჩაკეტვა სწორედ ამასთანაა დაკავშირებული. საოკუპაციო რეჟიმი ასევე უარყოფს კავშირს საზღვრების ჩაკეტვასა და ოკუპირებულ ახალგორის რეგიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს შორის. პირველად ულტიმატუმი წნელისთან პოლიციის პოსტის გახსნასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმმა 31 აგვისტოს გააჟღერა. 6 სექტემბრიდან კი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე გამშვები პუნქტები "რაზ-დახანი" და "სინა-გური" განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტა.