სახალხო დამცველი ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებს, მათ შორის ფორმულას გადამღებ ჯგუფსა და გიორგი კლდიაშვილზე, ასევე მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება.
ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-სა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს თითოეული შემთხვევის დროული და ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი კანონიერი ღონისძიებების გატარება.
იოსელიანი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია განსხვავებული აზრის გამო ადამიანებზე თავდასხმა.
"გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 7 მაისს ინტერვიუს მიცემის დროს თავს დაესხნენ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს, ასევე, ტელეკომპანია "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს.
კვირას, 5 მაისს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პედაგოგ ლადო აფხაზავას.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა.
მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინონ ძალადობრივი ქმედებების მოტივი და მისი შესაძლო კავშირი თავდასხმების მსხვერპლების პროფესიულ საქმიანობასთან და კრიტიკული მოსაზრებების ქონასთან, რის დადასტურების შემთხვევაშიც ძალადობრივ ქმედებებს უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოახდინოს თითოეული შემთხვევის დროული და ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი კანონიერი ღონისძიებების გატარება.
სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას"- ნათქვამია განცხადებაში.