logo
ENG



ომბუდსმენი: ნინოწმინდის პანსიონზე გამოძიება გაუპატიურების მუხლითაც მიმდინარეობს

02 ივნ 202118:17
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენი: ნინოწმინდის პანსიონზე გამოძიება გაუპატიურების მუხლითაც მიმდინარეობს
სამხრეთის კარიბჭე

სახალხო დამცველის განცხადებით, პროკურატურა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელსაც სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს, გაუპატიურების საქმესაც იძიებს. 

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬

ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირების და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. საკითხის დაზუსტების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს.

ნინოწმინდის პანსიონში, რომელიც საპატრიარქოს ექვემდებარება, ომბუდსმენს არ უშვებენ, თუმცა, შეუშვეს პრორუსული მედია და ორგანიზაციები. 

ასევე, პანსიონში შევიდა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი სერაფიმე, რომელიც წარსულში მრევლმა არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა. 

სახალხო დამცველი წლებია აცხადებს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. 

თუმცა, სახელმწიფოს ეს მოვალეობა არ შეუსრულებია. 

„სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება", - ნათქვამია გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია PHR-სთვის მიწერილ შეტყობინებაში.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აცხადებს, რომ გაერო მსგავს ბერკეტს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იყენებს. 


close დახურვა