logo
ENG



ომბუდსმენი: პანკისის რადიოს მიმართ განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება

08 სექ 202011:40
3 წუთის საკითხავი
 
zuod5nppbjh8lex.png

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ სოფელ დუისში, 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს ჩატარებული აქციები და ამ აქციებზე გაკეთებული განცხადებები სცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, მუქარის შემცველი და პირის მიმართ ძალადობის მოწოდებისკენ მიმართული განცხადებები შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ მოიაზრება.

ამასთან, აქციებზე გაკეთებული კომენტარები შეიცავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ხელის შეშლის ნიშნებს. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის მნიშვნელოვან როლს ხეობაში მიმდინარე პროცესების გაშუქებაში და მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად დაიწყოს გამოძიება ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით; ასევე შეაფასოს გელა მთივლიშვილისა და პანკისის რადიოს სხვა თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის რისკები და მიიღოს სათანადო ზომები მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.

პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ სოფელ დუისში 2 საპროტესტო აქცია ჩატარდა - 5 სექტემბერს და 29 აგვისტოს.

5 სექტემბერს შეკრებილებმა მოითხოვეს, გელა მთივლიშვილმა ხეობა დატოვოს, ვინაიდან ის პანკისელების შესახებ არაკორექტულ განცხადებებს აკეთებს და ადგილობრივებს შეურაცხყოფს. მათივე თქმით, ისინი არ ეწინააღმდეგებიან მედიის და პანკისის სათემო რადიოს მუშაობას.

გელა მთივლიშვილის განცხადებით, აქციებს როდის სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფი მართავს, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით.

პანკისის სათემო რადიოს ცნობით, მათი ინფორმაციით, დემონსტრანტები დახურვის ერთ-ერთ მიზეზად 2019 წელს მოკლული 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმის არაობიექტურად გაშუქებას ასახელებენ, რასაც ჰესების მშენებლობაზე ორ გვარს შორის დაწყებულ დავას უკავშირებენ. 

მედიაორგანიზაციის ცნობით, დახურვის მოთხოვნის კიდევ ერთი მიზეზი რადიკალური ჯგუფებისთვის შორტის ჩაცმისთვის მამა-შვილის ცემის გაშუქებაა. პანკისის სათემო რადიოს მიხედვით, აქციის ორგანიზატორების თქმით, რადიო პატივს არ სცემს ქისტების წესებს და მომხდარის აქტიური გაშუქებით ხელი შეუწყო სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოსტეხეს.

ორგანიზაციის განცხადებით, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს მუშაობის შეწყვეტის კიდევ ერთ მიზეზად ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ასახელებენ.

პანკისის სათემო რადიო განცხადებაში წერდა, რომ ადგილობრივების აზრით,  რადიომ თავისი არაერთი რეპორტაჟით და ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის 2019 წლის 21 აპრილს მომხდარი შეტაკების პირდაპირ ეთერში გაშუქებით, ინვესტორის, კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრის, ლაშა იორდანიშვილის მიმართ უნდობლობა და წინააღმდეგობა გააღრმავა. მათივე თქმით, რადგან იორდანიშვილს პანკისის ხეობაში მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა და ის ხეობიდან გააძევეს, პანკისი სათემო რადიომაც უნდა დატოვოს.

ასევე, პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ის პირია, ვინც ხეობაში უკანონო შეიარაღებულ ჯგუფს ხელმძღვანელობს.

რადიო წერს, რომ ამ ჯგუფს უკავშირდება 2019 წლის 27 ნოემბერს, სოფელ საკობიანოში, პოლიციელების თვალწინ ვისური მუთოშვილის მკვლელობა, თუმცა სამართალდამცველებმა  მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ სასამართლომ პატიმრობა უკვე მიუსაჯა. 

"პანკისის სოფელ დუისში, 2020 წლის 29 აგვისტოს გამართულ აქციაზე, პანკისის სათემო რადიოს ოფისის დარბევით დაემუქრნენ. აქცია ასევე როდი სკოტის ფონდის ორგანიზებული იყო, რომლის ხელმძღვანელი, ლია მარგოშვილიც, პანკისის სათემო რადიოს ცნობით, ქართული ოცნების აქტივისტი და საარჩევნოდ დუისის უბანზე მმართველი პარტიის წარმომადგენელია", - წერია პანკისის სათემო რადიოს განცხადებაში.

29 აგვისტოს გამართულ აქციას კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდა, ვინაიდან სახეზეა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ნიშნები.

პანკისის სათემო რადიოს დაცვის მოწოდებით ხელისუფლებას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომაც მიმართა და მოუწოდა, დაუყოვნებლივ მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოს მედიის საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.


close დახურვა