სახალხო დამცველი "სამშობლოსმცოდნეობის" საგანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ გაკვეთილები დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით და რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "სამშობლოთმცოდნეობის" გაკვეთილები, საპატრიარქოსა და ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით, 4-5 წელია, რაც რუსთავსა და თბილისში ტარდება. პანდემიის პირობებში გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო საგანს უძღვება მისივე ავტორი, "სტუდია გუთნის“ დამაარსებელი ლექსო გელაშვილი, რომლის მიერ მედია საშუალებებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გაკვეთილების ორგანიზებასა და მოსწავლეების მობილიზებაში სკოლის პედაგოგები არიან ჩართულნი.
"სამშობლოსმცოდნეობის გაკვეთილები დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით და რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონმა საჯარო სკოლის ერთ-ერთ მთავარ პრინციპად რელიგიური ნეიტრალობა და არადისკრიმინაციულობა განსაზღვრა. იგი მიზნად ისახავს ყველა მოსწავლისათვის სეკულარული და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნას. ამასთან, 2019 წელს მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსი როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიზნებად აცხადებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ პატივისცემის გრძნობის განვითარებას", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენის თქმით, საჯაროდ ხელმისაწვდომი გაკვეთილის რამდენიმე ჩანაწერის გაანალიზების შემდეგ ცხადი გახდა, რომ გაკვეთილებს კონფესიური ხასიათი აქვს და აგებულია მართლმადიდებლურ რელიგიაზე. ამასთან, საჯარო სკოლის პედაგოგების მონაწილეობა მსგავსი რელიგიური შინაარსის გაკვეთილების ორგანიზებასა და მოსწავლეთა მობილიზებაში, ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს.
სახალხო დამცველის განცხადებით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ გაკვეთილების შინაარსი დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით და მათი მიმდინარეობისას ხდება სქესის, ეროვნული წარმომავლობისა და სხვა ნიშნებით სტერეოტიპული შეხედულებების ტირაჟირება, ხოლო ასეთი ინფორმაციის წინაშე არასრულწლოვნები განსაკუთრებით დაუცველები არიან. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა სწავლებებმა, შესაძლოა, მათ ჩამოუყალიბოს წინასწარი განწყობები, მაგალითად ქალის გენდერულ როლთან დაკავშირებით და შედეგად, შეუქმნას არასწორი წარმოდგენა გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ.
სახალხო დამცველის აპარატი აპირებს შეისწავლოს "სამშობლოსმცოდნეობის" გაკვეთილების ორგანიზებაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე საჯარო სკოლების შესაძლო ჩართულობის საკითხი და შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები. სახალხო დამცველი ასევე აპირებს, შეაფასოს 2019 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ ცვლილება, რომლითაც სკოლებს მიენიჭათ თავისუფლება მოსწავლეებს შესთავაზონ ნებისმიერი საგანი და ამ ცვლილებებით გამოწვეულ რისკები, სკოლებში რელიგიური ნეიტრალობისა და არადისკრიმინაციული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით.
როგორც ფორმულას განათლების სამინისტროში განუცხადეს, "სამშობლოსმცოდნეობა" ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არ არის და ამ საკითხთან დაკავშირებით არავის მიუმართავს სამინისტროსთვის. შესაბამისად, საგნის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სამინისტროსა და რესურსცენტრების მხრიდან არ მომხდარა.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ) და მას აქვს უფლება, მოსწავლეებს, სურვილის შემთხვევაში, დამატებითი საგანმანათლებლო სერვისი სამინისტროსგან დამოუკიდებლად შესთავაზოს.