საქართველოს სახალხო დამცველი მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესის კლასებში დაწყებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ დრომდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისად თანმიმდევრული და არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს.
სახალხო დამცველის შეფასებით, სამინისტროს არ წარმოუდგენია ერთიანი სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურ მართვას, გამოვლენილ ხარვეზებზე სწრაფ რეაგირებასა და საჭიროებების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ უწყების მიერ მიღებული ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, სკოლებმა თავად უნდა შეიმუშაონ პანდემიის პირობებში, საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ერთიანი ხედვის და მიდგომის არსებობისთვის არასაკმარისია
"არ არის წარმოდგენილი სრული ინფორმაცია საქართველოში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული პრობლემების თაობაზე. განათლების სამინისტროს განცხადების თანახმად, 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები. ასევე, დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი. თუმცა აღნიშნული ვერ შეფასდება საკმარისად, რადგან საქსტატის მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 სკოლა იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო", - აცხადებს ნინო ლომჯარია.
ომბუდსმენს მიაჩნია, რომ დიდკონტიგენტიანი სკოლების შემთხვევაში დისტანციის დაცვის და ნაკადების მართვის მონიტორინგის საკითხი გამოწვევის წინაშე დგას, სკოლების შეზღუდული რესურსების პირობებში.
ლომჯარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედ თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ საჭიროებებზე და აღნიშნულის მიხედვით დაიგეგმოს სასწავლო პროცესი.
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ხვალიდან, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი კლასებში აღდგება, შესაბამისად, სკოლები უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება. მშობლებს კვლავ ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლება აირჩიონ.