logo
ENG



ომბუდსმენი: შსს-მ დღესვე უნდა დაიწყოს ჟურნალისტებზე მოძალადე პირების იდენტიფიცირება

05 ივლ 202115:14
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე მოძალადე პირთა იდენტიფიცირება.

ლომჯარია, ასევე აცხადებს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების გამოუძიებლომამ წაახალისა ის, რაც დღეს მოხდა. 

ომბუდსმენი, ასევე გმირებს უწოდებს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც დღეს ადგილიდან აშუქებდნენ ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების ქმედებებს. 

"მინდა ჩემი პატივისცემა, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ჟურნალისტებს, რომლებიც სამოქალაქო გმირობას სჩადიოდნენ დღეს. ჯანმრთელობის ფასად აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს. დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები, რომელთა გმირულმა მუშაობამ უზრუნველყო ის რომ პრევენცია გაუკეთა უარესი მოვლენების განვითარებას. ასევე ძალადობრივი ქმედებების დოკუმენტირება მოახდინეს.

მივმართავ შსს-ს დღესვე დაიწყონ გავრცელებული ვიდეომასალის გაშიფვრა ვინც ძალადობდა მშვიდობიან მოქალაქეებზე და ვინც ძალადობდა ჟურნალისტებზე", - აცხადებს ომბუდსმენი. 

დილიდან ქუჩაში გამოსული მოძალადეები შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმები პოლიციის უმოქმედობის ფონზე ხდება.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, მსვლელობა დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაწყებულიყო. 

თუმცა, რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო თბილისი პრაიდმა ღირსების მარში გადადო. 

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. 

თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და არ აღკვეთა ძალადობა. 

შედეგად, დაშავდა ათობით ჟურნალისტი. თუმცა, არავინ დაუკავებიათ. 

თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია.

მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

 


close დახურვა