logo
ENG



ომბუდსმენი: ჩვენი პოზიციაა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის ბრალი საერთოდ უნდა მოეხსნათ

23 ივნ 202115:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/23/m9qcy3e7mqg3cj5.jpg

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თქმით, მათი პოზიციაა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის ბრალი საერთოდ უნდა მოეხსნათ, რადგან წარდგენილი ქმედება, საერთაშორისო პრაქტიკით და საქართველოს კანონმდებლობითაც, არ შეიცავს ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნებს.

ლომჯარიას განცხადებით, მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ ჩადენილია ფულის გათეთრების დანაშაული.

"სახალხო დამცველს აქვს პირდაპირ ნათქვამი და ამაზე სასამართლოში წარდგენილი გვაქვს "სასამართლო მეგობრის" მოსაზრება, რომ ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ, რომ ის ქმედება, რასაც პროკურატურა ედავება აღნიშნულ პირებს, წარმოადგენდეს ფულის გათეთრების დანაშაულს.

ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს შესწავლილი საერთაშორისო პრაქტიკა, გაანალიზებული გვაქვს მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა და მიგვაჩნია, რომ წარდგენილი ქმედება და ის მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ ჩადენილია ფულის გათეთრების დანაშაული. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ იმსჯელოს იმაზე, საერთოდ, რამდენად ადეკვატურია წარდგენილი ბრალი", - თქვა ლომჯარიამ.

დღეს, 23 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის შესაძლო გათეთრების საქმეზე სასამართლო 2 ივლისს ჩაინიშნა. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება მართლმსაჯულებას ისევ ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ 2019 წლის იანვარში დაიწყო. პროკურატურა მათ 17 მილიონი დოლარის მოცულობის სესხზე ედავება, რომელიც თიბისი ბანკიდან ავთანდილ წერეთელმა 2007 წელს აიღო.

ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, "რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".


close დახურვა