სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეუთო-ს, სავარაუდოდ, ორშაბათს გადაუგზავნის. ლომჯარია ოდირს საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს. მანამდე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა დოკუმენტი პარლამენტში დაარეგისტრირეს.
"ორშაბათს ქალბატონი ლომჯარია თავის სახელით გააგზავნის ამ დოკუმენტს ოდირში, რადგან ის არის უფლებამოსილი ამაზე. შემდეგ მთავრობას მოუწევს აღიაროს, რომ უბრალოდ არ უნდა დღევანდელი სისტემის შეცვლა და ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლია, ან ჩვენ ვაიძულებთ, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ, რომ წავიდეს კომპრომისზე“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ე.წ გერმანული მოდელის შემუშავება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირებული კანონპროექტი ჩააგდო. ქუჩაში გამოსულ უკმაყოფილო მოსახლეობას კი ხელისუფლება სპეცრაზმით, ე.წ ტიტუშკებითა და კონტრაქციებით დაუპირისპირდა.