სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტყიბულის შახტაში მომხდარი აფეთქებას ეხმაურება და შსს-სა და შრომის ინსპექციას მოუწოდებს, მომხდარზე დროული და ეფექტიანი რეაგირება მოხდეს.
ამასთან, სახალხო დამცველის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ტყიბულში და სხვა მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში სისტემატური ინსპექტირება ჩატარდეს არსებული დარღვევების დროული იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით.
"სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
როგორც გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით. ასევე, მოკვლევა დაიწყო შრომის ინსპექციამაც.
სამწუხაროდ, გუშინდელი ფაქტი ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა დაშავების და გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის. წინა წლებშიც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა იქ მომხდარ უბედურ შემთხვევებს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს და შრომის ინსპექციას, განხორციელდეს დროული და ეფექტიანი რეაგირება მომხდარზე, მათ შორის დადგინდეს ტრაგედიის მიზეზები, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება შევძლოთ.
ასევე მიმართავს შრომის ინსპექციას - მიმდინარე ინსპექტირების ფარგლებში მოხდეს ყველა დარღვევის და რისკის იდენტიფიცირება და მათი გამოსწორების მიზნით ყველა კანონმდებლობით მინიჭებული ბერკეტის გამოყენება", - ნათქვამია განცხადებაში.
აფეთქება ტყიბულის მინდელის შახტში 30 იანვარს, გვიან ღამით მოხდა.
დაშავდა 9 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი მალევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.