სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი მოინახულა. ქეთევან ხვედელიანის თქმით, გოგაშვილს თვალსაჩინო ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.
"როგორც ვიცი, ნახა უკვე ექიმმა და შეაფასა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სახალხო დამცველი აპარატი ესაუბრა მისი ოჯახის წარმომადგენლებს, როგორც ვიცი მიმართავენ საგამოძიებო სამსახურს. ბრალთან დაკავშირებით ასე კონკრეტულად არ გვისაუბრია. თვითონ ამბობს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი დაკავება. შეტყობინება არ ყოფილა მის მიმართ გაკეთებული, შესაბამისად, არ ელოდებოდა, თუ იგეგმებოდა მსგავსი სახის სპეცოპერაცია. სახეზე აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე აქვს სილურჯეები", - თქვა ხვედელიანმა.
მისივე თქმით, გოგაშვილი აცხადებს, რომ მას ორი იარაღი ჩხრეკის დროს ჩაუდეს.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, დილის საათებში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციით დააკავეს.
სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა გოგაშვილის შვილების, ნიკა და ნინი გოგაშვილების სახლებში. ნინი გოგაშვილის სახლის ჩხრეკის ვიდეო თავად მან გადაიღო და გაავრცელა.
ნიკა გოგაშვილის თქმით, გაჩხრიკეს მამამისის მძღოლის სახლიც, ასევე, სასტუმრო ხირსა სიღნაღში.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის შვილმა თქვა, რომ ჩხრეკისას სახლებიდან წაიღეს ტელეფონები, კომპიუტერები, პლანშეტები, მეხსიერების ბარათები.
დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ჰქონდა 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა.
რამდენიმე დღის წინ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც
სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოსო გოგაშვილის საქმე "არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება". უწყება ამბობს, რომ ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე.