logo
ENG



ომბუდსმენის წარმომადგენელი და კონსილიუმის ექიმები მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

28 დეკ 202120:12
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენის წარმომადგენელი და კონსილიუმის ექიმები მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

სახალხო დამცველის წარმომადგენელი და კონსილიუმის ექიმები გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. 

ომბუდსმენის წარმომადგენლის, საბა ბრაჭველის თქმით, მათი მიზანი იყო, მიეღოთ ინფორმაცია ექსპრეზიდენტის მკურნალობის, ასევე, შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. თუმცა, ამის საშუალება არ მიეცათ. 

"ვითხოვეთ მორიგე ექიმთან შეხვედრა და არც მას შეგვახვედრეს. შეგვახვედრეს მხოლოდ მორიგე ნევროლოგს კამერების წინ. ამ პირობებში მასთან ჩვენ კონფიდენციალურ და სამედიცინო ინფორმაციაზე საუბარს არ დავიწყებდით. მორიგე ნევროლოგს არც შეხება აქვს პაციენტ სააკაშვილთან". - თქვა ბრაჭველმა

მისივე თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, თავისუფლებააღკვეთილ პირს ნებისმიერ დროს შეხვდნენ დახურულ დაწესებულებაში. 

"ჩვენი აქ შესვლის დაბრკოლება სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის დარღვევაა. ამას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება. ასევე, აუცილებელი მგონია, რომ ასეთი ფაქტი აღარ განმეორდეს". - ამბობს საბა ბრაჭველი

27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი გაყვანა სცადეს, რასაც მან წინააღმდეგობა გაუწია. 

საბა ბრაჭველი ამბობს, რომ შესაძლოა, ექსპრეზიდენტის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, დღეს კი მის მონახულებაზე უარის თქმა აჩენს ეჭვებს, ხომ არ განმეორდა მსგავსი რამ. 

"ჩვენი დაბრკოლება აჩენს ეჭვებს, ხომ არ განმეორდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, ან ხომ არ არის დამძიმებული პაციენტის მდგომარეობა ან ხომ არ ხდება სხვა ისეთი შეზღუდვა, რის შესახებაც საზოგადოება ინფორმირებული არ არის". - თქვა საბა ბრაჭველმა. 

19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.


close დახურვა