ომბუდსმენმა სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად მიმართა თხოვნით, მესამე მხარედ ჩართოს დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ საშუალება მიეცემათ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.
სახალხო დამცველის თქმით, პირველი შემთხვევაა, როცა მათი აპარატი ECHR-ს მსგავსი თხოვნით მიმართავს.
"თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვფიქრობ, რომ კონსილიუმის დასკვნა მაინც ითამაშებს გადამწყვეტ როლს პაციენტის უფლებრივი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებისთვის". - ამბობს ნინო ლომჯარია.
ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი, შუალედური ზომები მიიღო, რითაც საქართველოს მთავრობას მოსთხოვა, აცნობოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება.
სასამართლო განმარტავს, რომ დროებითი, შუალედური ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი.
10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.
ამასთან, სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
იმისთვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია რთული პროცესია, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.
პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში 585 პატიმარი გადაიყვანეს.