logo
ENG



ომბუდსმენმა გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებების კანონიერების შესწავლა დაიწყო

19 ნოე 202316:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/19/ra3st9va7qv9y7y.jpg

საქართველოს სახალხო დამცველი გუშინ, 18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს მოქალაქეების დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აპარატმა დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა დაიწყო.

მათი ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებულმა გუშინვე მოინახულა თბილისის და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული 7 დაკავებული, მათ შორის ვარლამ გოლეთიანი.

"შემაშფოთებელია, რომ დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი რატი რატიანიც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა.

მედიის წარმომადგენლის დაკავებამ, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, შესაძლოა იქონიოს მსუსხავი ეფექტი შეკრებების დროს შესაბამისი ინფორმაციის გაშუქებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო ორგანოს ფარგლებში მოხდეს დროული რეაგირება", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

გუშინ გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის და ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში კოლონებით ჩამოვიდნენ. აქციის დროს შსს-მ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

მოგვიანებით შსს-მ გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა და დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.

***

მოძრაობა რიონის ხეობის გადასარჩენად და ადგილობრივები ხიდაშელისთვის რაჭის ტყეებზე გადაცემული ლიცენზიის გაუქმებას უკვე რამდენიმე კვირაა ითხოვენ. 

სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა - 1 151 832 ლარად.

ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს. 

21 ოქტომბერს გარემოს დაცვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზია, შესაძლოა, გადაიხედოს. მიზეზად გარემოს დაცვის სამინისტრო ხიდაშელის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა დაასახელეს. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინვესტორმა არ წარმოადგინა ტერიტორიის განვითარების გეგმა, რომლის ვალდებულებაც აქვს ყველას, ვინც სახელმწიფოსგან ლიცენზიას იღებს, შესაბამისად, როგორც თანდილაშვილმა აღნიშნა, დაჯარიმეს პროცესი დაიწყეს.

გარდა ამისა, სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან ერთად განსაკუთრებული დაცულობის მქონე ტერიტორიის შექმნაზე მუშაობს და გეგმავენ, რომ პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე ეს საკითხი შეიტანონ.

15 ნოემბერს ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. როგორც მის მიერ ფორმულასთვის მიწოდებული განცხადებიდან ირკვევა, ხიდაშელმა "გაუგებრობების აცილებისა და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო", რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა.

მომდევნო დღეს კი გარემოს ეროვნული სააგენტოში განაცხადეს, რომ სხვა ვალდებულებებთან ერთად, ლიზენციის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა არცერთი პირობა არ შეასრულა. ასევე, თქვეს, რომ "დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით". 

ორგანიზატორები როგორც გარემოს დაცვის, ასევე, ხიდაშელის განცხადებებს არადამაჯერებელს უწოდებენ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროცესი უფრო ბუნდოვანი გახდა, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროტესტი თბილისში გაეგრძელებინათ. 


close დახურვა