საპროკურორო საბჭოს სხდომას, რომელიც უკვე დაწყებულია, ოპოზიცია ფორმალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მათვე თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილება შოთაძის სასარგებლოდაა მიღებული.
"ივანიშვილს საარჩენოდ სჭირდება პროკურორი, რომელიც შეასრულებს ყველა მის დავალებას. ეს არის საბოლოო აკორდი სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაში და პროკურატურა შოთაძის მმართველობის პირობებში რეალურად იქნება ფარცხალაძის პროკურატურა. ეს ნიშნავს ჩრდილოვან მმართველობას", - აღნიშნავს სალომე სამადაშვილი.
გიორგი გუგავას თქმით, შოთაძე ივანიშვილის განსაკუთრებული მორჩილი პერსონაა და სწორედ ამიტომ გახდება კიდეც მთავარი პროკურორი.
"შოთაძე ბულგაკოვის ცნობილი ნაწარმოებიდან გადმოსული პერსონაჟია. როგორც ჩანს, ის ერთგული ძაღლია ივანიშვილისა და ასრულებს მის დავალებებს. სწორედ მის ხელში მოხდა მრავალი პოლიტიკური დაპატიმრება, ამიტომ ივანიშვილს მსგავსი ერთგული ყმა სჭირდება. თუმცა ეს უნდა დავამთავროთ", - აღნიშნა გუგავამ.
ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ნებისმიერ პროცესში მთავარია ის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში ვითარება იგივე დარჩება.
"შინაარსი არ აქვს ამ ყველაფერს, შოთაძე იქნება თუ სხვა, არანირი მნიშვნელობა აქვს, მთავარი ისაა, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამის მიღმა ხელისუფლება რა როლს მოირგებს, ყველაფერი სასაცილოა", - აღნიშნა ჯაფარიძემ.