ოპოზიცია გავლენიანი გამოცემა Bloomberg-ის მიერ მომზადებულ სტატიას ეხმაურება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვან ბოსად არის მოხსენიებული.
"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ვერაფერს გახდება, რადგან, მმართველმა გუნდმა მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგა.
"ახალი მეტსახელი აქვს ბიძინა ივანიშვილს დასავლეთისთვის - ჩრდილოვანი ბოსი, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის. მთავარი ის არის, რომ ვინც არ უნდა დაიქირავონ, ლობისტები, შმობისტები, ვერაფერს ვერ იზამს, როცა შენ ანტისახელმწიფოებრივ, დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამ საქართველოში. ვერავის ვერ შეიყვან შეცდომაში, ვერ მოატყუებ, ვერც მედიაში შეკვეთილი სტატიები ვერ გიშველის. რაც მთავარია, პროდასავლურ სახეს „ქართულ ოცნებას“ ვერაფრით ვერ უჩვენებს ვერანაირი ლობისტური კომპანია. პროდასავლურობა გამოიხატება ქმედებაში - არა ასოცირებაზე რეზოლუციის ჩაგდებაში, რომელიც დიდი პრობლემაა ქვეყნის განვითარებისთვის, არამედ პროაქტიურ ქმედებაში ევროინტეგრაციის კუთხით“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მმართველი გუნდის მიმართ გაგრძელდება. მისი თქმით, ქვეყნის იმიჯი აღნიშნული კრიტიკის გამო ზიანდება, გამოსავალი კი, ჯაფარიძის აზრით, ხელისუფლების შეცვლაა.
"ეს კრიტიკა, რომელიც მოდის დასავლეთიდან, რომელიც მედიაშიც არის და ცალკეული სახელმწიფო ინსტიტუტებიც აკეთებენ განცხადებებს, ეს არ შეწყდება. პოზიცია მათი არის ერთი - რომ ქვეყანაში მიმდინარეობს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რაც ნიშნავს პოლიტიკური პატიმრების არსებობს, რაც ზოგადად ძალიან დამაზიანებელია ქვეყნის იმიჯისთვის. ეს უნდა შეიცვალს არჩევნების გზით, სხვა გამოსავალი არ არსებობს. არ შეიძლება ვინმეს რამე იმედი ჰქონდეს, როდესაც ასეთი შეფასებები მოდის დასავლეთიდან. ამის წამალი არის ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ამერიკელ პარტნიორებს რეალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა. დეპუტატის აზრით, რომელი ლობისტური კომპანიაც არ უნდა დაიქირავოს მმართველმა გუნდმა, განწყობა "ქართული ოცნების" მიმართ არ შეიცვლება.
"ივანიშვილს უწოდეს ჩრდილოვანი ბოსი, რომელიც ქვეყანას მიაქანებს ავტორიტარიზმისკენ. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ რამდენი მილიონი დოლარის ლობისტიც არ უნდა დაიქარავოს ავტორიტარმა ივანიშვილმა, ამ მოსაზრებას, რომელიც გაბატონებულია ამერიკაში, ის ვერ შეცვლის, ამიტომ დროა ამერიკის ხელისუფლებამ რეალური ნაბიჯები გადადგას, რომ ქართველმა ხალხმა შეძლოს დემოკრატიული არჩევანის გაკეთება“, - ამბობს ბოკუჩავა.
ლობისტური კომპანიების დაქირავებაში აზრს ვერ ხედავს ვერც "ევროპული საქარტველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. ბაქრაძე ამბობს, რომ კრიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟღერს, უპრეცედენტოა.
"მიმაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში, იმ დროს როდესაც „ქართული ოცნება“ გადავიდა ოპოზიციის დაპატიმრებებზე, ვერანაირი ლობისტები მას ვერ უშველის, ვერც ბრიუსელში და ვერც ვაშინგტონში. ასეთი ტიპის სტატიები და შეფასებები უფრო და უფრო გახშირდება. ეს ყველაფერი არ ხდებოდა 2 წლის წინ, წარმოუდგენელი იყო 5 წლის წინ. დღეს უკვე მასიურად საუბრობენ ჩვენი მეგობრები, მათ შორის მასიური მედია საშუალებების მეშვეობით“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ გავლენიანმა გამოცემა Bloomberg-მა პუბლიკაცია გამოაქვეყნდა, სადაც "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შრდილოვან ბოსად მოიხსენია. სტატიის ავტორი წერს, რომ მმართველმა გუნდმა უცხოურ ლობისტურ კომპანიებთან ურთიერთობა გაააქტიურა.