logo
ENG



ოპოზიცია გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი კომისიაზე: ცეცხლის დროებით ჩაქრობა

13 თებ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

"ცეცხლის დროებით ჩაქრობა და დროის გაწელვა ევროპარლამენტარების მძიმე დასკვნების საპასუხოდ", - ასე აფასებენ თბილისში გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი კომისიის ინიციატივას. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი უმწვავესი კრიტიკის განეიტრალებას ისეთი შეთავაზებით აპირებს, რომელსაც არც პერსპექტივა აქვს და არც არსებულ მოცემულობას შეცვლის.

რჩევა დღეს ყოფილ თანაგუნდელებს თამარ ჩუგოშვილმაც მისცა, შემსწავლელი კომისიის შექმნის და ევროპარლამენტარების ჩამოსვლის შემთხვევაშიც კი ეს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ იმუშავებს. ეს რჩევა ყოფილმა ვიცე სპიკერმა საჯაროდ დღეს ყოფილ თანაგუნდელებს მისცა. თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროპარლამენტარების კომისია პატიმარ გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში ჩამოვა, ქართული მართლმსაჯულება ამ ტესტს ვერ გაივლის. 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ უგულავას საქმის შემსწავლელი ევროპული კომისიის შექმნის ინიციატივით ხელისუფლება მხოლოდ ცეცხლის ჩაქრობას და საერთაშორისო პარტნიორების ბრაზის განეიტრალებას ცდილობს. რეალურად კი მის შექმნას აზრი არ აქვს - უგულავა უკვე ციხეშია, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები კი ქვეყანაში არსებულ არაჯანსაღ პოლიტიკურ ვითარებას დამატებითი კვლევა-ძიების გარეშეც ადეკვატურად აფასებენ. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" უბრალოდ დროის მოგებას ცდილობს და კომისიის შექმნის და საქმის შესწავლის შემთხვევაშიც,  შეცდომების აღიარების და გათვალისწინების პოლიტიკური ნება არ გააჩნია. 

"ქართულ ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ გიგი უგულავას ციხეში გაშვება მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი არ ყოფილა. ამ საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზეც პასუხები აქვთ. ევროპარლამენტში კომისიის შექმნა კი პოლიტიკური სპეკულაციების დასასრულებლად ითხოვეს. 


close დახურვა