საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების პროცესები გრძელდება. გუშინ მოსამართლემ 37-ვე დაკავებული დარბაზიდან დროებით გაათავისუფლა, საქმეებზე მსჯელობა კი დღეს განახლდა. პროცესს ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან და როგორც ისინი განმარტავენ, მთელი პროცესი არის უსამართლო და უკანონო.
"სასამართლოს და მოგეხსენებათ რა სასამართლოა, მასაც კი უჭირს ბრალის წარდგენა. თუმცა, როგორც ჩანს მაინც წელავენ დროს და ეძებენ გამოსავალს,"-აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი.
სერგო რატიანი სასამართლო დარბაზიდან გამოაძევეს. როგორც თვითონ ამბობს ღიმილის გამო. არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას კი ივანიშვილს აკისრებს.
"როგორც ჩანს ივანიშვილმა უნდა განსაზღვროს ჩვენი სახის მიმიკა. არაადეკვატურ მდოგმარეობაშია, რადგან ყველას ესმის, რომ რაზეც ახლა მსჯელობენ, აბსურდია. გამოვიდა პოლიციელი და ზოგადად იგინებოდაო, თქვა. გამოდის, რომ ზოგადად არ უნდა შევიგინოთ,"-აცხადებს რატიანი.
სასამართლოს მხრიდან კიდევ ერთ უკანონო ქმედებად აფასებს "რესპულიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაიაც არსებულ მდგომარეობას.
"დღეს ერთადერთი რაც დაგვრჩა სანახავი, ესაა რა სიმაღლეებზე ავა სასმართლო უკანონო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,"-განამრტავს კორძაია.
ხათუნა სამნიძე კი განმარტავს, რომ წარმოდგენილ ვიდეო ფირებში დაკავებულები საერთოდ არ ჩანან.
"მტკიცებულებები არ არსებობდა. აჩვენეს ფირები, სადაც დაკავებულები საერთოდ არ ჩანდნენ და დღეს გადაწყვეტილებების მიხედვით ვნახავთ, რა დონეზე მივა სასამართლო გუშინდელთან შედარებით,"-ამბობს სამნიძე.