სახელმწიფო არ გაუფრთხილდა საკუთარ მოქალაქეებს - ასეთია აღდგომის ღამეს განვითარებული მოვლენების შეფასება პოლიტიკოსების მხრიდან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობის ქმედებების შედეგები უახლოეს კვირებში გამოჩნდება.
მათივე შეფასებით, გუშინდელი მოვლენები ეკლესიაში სრულად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
"მიუხედავად იმისა, რომ იყო დარღვევები და ბევრი ადამიანი შეიკრიბა ერთად, გაცილებით უარესი მოხდებოდა, რომ არა მთელი საზოგადოების მობილიზება და იმ განწყობის შექმნა, რაც მთელი ამ კვირის განმავლობაში იგრძნობოდა. საქართველო ხვალ არ იქნება ისეთი, როგორიც იყო გუშინ. ძალიან შეიცვალა დამოკიდებულება და ბევრმა უცხოეთში მოღვაწე სასულიერო პირმა სწორი პოზიცია დაიკავა, ასევე ადგილზეც. ამიტომ გუშინდელი დღე კარგი გაკვეთილი იქნება ბევრისთვის", - აცხადებს რომან გოცირიძე.
"ახალი საქართველოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს და მისთვის პრიორიტეტული არჩევნებია.
"მთავარი ბრძოლა ახლა იწყება. მთავარი იარაღი რაც არის, სწრაფი ტესტირება და დიაგნოსტიკა, საქართველოში არ არის და გვაქვს ერთადერთი გზა - გამოვიკეტოთ სახლში. მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც სწრაფი ტესტებისა და დიაგნოსტიკის შესაძლებლობა არ შექმნა, ეკონომიკა გააჩერა და ორმაგი სტანდარტი აქვს, რადგან ჰქონია, რომ არჩევნებისთვის მრევლისა და ეკლესიის ხმებს წაიღებს", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
დავით ბერძენიშვილის თქმით კი, დღეს მთავრობა და ეკლესია შეთანხმებულად მუშაობს. ამას ადასტურებს პატრიარქის გუშინდელი ეპისტოლეც.
"ხელი ხელს ჰბანს პრინციპია. ეკლესია, საპატრიარქო დიდი ხანია შეზრდილია ხელისუფლებას. პატრიარქის ეპისტოლეში არ იყო არცერთი თანამედროვე აზრი, აბა, შევადაროთ როგორ მეტყველებს მსოფლიო პატრიარქი", - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
პოლიტიკური პარტია "გირჩი" კი განსხვავებულად ფიქრობს და ამბობს, რომ შეზღუდვების დარღვევაზე დაწესებული სანქციები არასწორია.
"ის, რომ პოლიცია არ შევარდა ეკლესიაში და ხალხის დაჯარიმება არ დაიწყს, სწორია. საპატრიარქოს უნდა ჰქონოდა უფლება ჩაეტარებინა ეს წირვა. ასევე სწორი იქნებოდა თავად გაეცა საპატრიარქოს რეკომედაცია, როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები. ასევე სახლში დარჩენისკენ მოეწოდებინა მრევლისთვის, ეს იქნებოდა სწორი. ის შეზღუდვები კი, რაც დაწესებულია, არაადეკვატურია და არ აქვს კავშირი ვირუსთან ბრძოლასთან. მთავარია საერთაშორისო რეკომენდაციები", - აცხადებს ლევან ჯგერენაია.