ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს ოპოზიცია. „ევროპული საქართველო“ სახელმწიფო აუდიტის დასკვნას გაეცნო, რომელიც რეგიონში უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამას ეხება. პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, სამუშაოების წარმოებაში იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი, რაც შესაძლოა მიუთითებდეს კორუფციულ გარიგებებზე.
„არის მაგალითები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს კორუფციულ ნიშნებს. მაგალითად, შპს „ევოუშენი 999“ - მისი მესაკუთრე არის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი და მას ევალებოდა ზედამხედველობა გაეწია სამუშაოებისთვის. აუდიტის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ამ ფაქტს შესაძლოა გამოეწვია ინტერესთა კონფლიქტი", - აცხადებს პარტიის წევრი, ლელა ქებურია.
აუდიტი ასკვნის, რომ 47 საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მილიონ ლარამდე თანხა იყო გამოყოფილი, თუმცა პროექტი სერიოზული დარღვევებით შესრულდა. მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა 19 სახლი, რომლებიც დაუსრულებელია ან ხარვეზებითაა აშენებული, 3 საცხოვრებელი კი გადაეცათ ბენეფიციარებს, თუმცა სამივე სახლი დაკეტილია, რაც ბენეფიციარების არასწორად შერჩევაზე მიუთითებს.