logo
ENG



ოპოზიცია კობახიძის განცხადებაზე: ქვეყნის რეპუტაციას კიდევ უფრო მეტად აზიანებენ

15 თებ 202014:20
3 წუთის საკითხავი
 

 

ოცნების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული არაადეკვატური შეფასებები ქვეყნის რეპუტაციას კიდევ უფრო მეტად აზიანებს - ასე აფასებენ  ხელისუფლების ოპონენტები ირაკლი კობახიძის განცხადებას "სუსტი და ზურგით სათრევი ოპოზიციის" შესახებ.

 

„ევროპული საქართველოს“ ლიდრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ზუსტად იმავეს ეტყოდნენ დახურულ კარს მიღმა, რასაც საჯაროდ აცხადებენ. ბოკერია აცხადებს, რომ კობახიძისა და მმართველი გუნდის წევრების განცხადებები ბიძინა ივანიშვილის მითითებების შესრულებას ემსახურება.

„კობახიძე და ივანიშვილის ყველა მასხარა ემსახურება ერთ მიზანს, რომ ივანიშვილის მითითება შეასრულონ და თავი მოიტყუონ. საზოგადოების დამცირება, მოტყუება, გადაგდება, ოპოზიციის დევნა არის შეუთავსებელი ამ ამოცანებთან, ამას ეუბნებიან საჯაროდაც და დახურულ კარს მიღმაც შეიძლება უფრო მწვავე ფორმით, მაგრამ მაინც ვერაფერი გაიგეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრებს თანამედრივე სამყაროში თაღლითების იმიჯი აქვთ.

„ყველაფრის განსაზრღვრელი არის განცხადებები, სიტყვები, მიმართვები, რაც მოდის დასავლეთიდან. კობახიძეს მინდა მივმართო, რომ გაუსწორე თვალი ან ადეკვატურად უპასუხე ამ ყველაფერს შენც კალაძემაც, და რაც მთავარია, ივანიშვილმაც, და გადადგით ნაბიჯები. თქვენ გაქვთ თაღლითების იმიჯი თანამედროვე სამყაროში, ამიტომაც თქვენს სიტყვას ფასი აქვს ნული. მაგრამ თუ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ, შეიძლება სახე შეინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ იქნება დასავლეთისთვის შავ სიაში შეყვანილი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ახორციელებს ხელისუფლება მის ოპონენტებზე სამართლებრივ დევნას, თუკი ის ფიქრობს, რომ ოპოზიცია სუსტია.

„ციხეში ჩასმით რომ უპირისპირდები, შენ უკვე აღიარებ, რომ ოპოზიცია შენზე ძლიერია და სხვა გზა არ დაგრჩა, გარდა ციხეში ჩასმისა. ეს მგონია სწორი და თუ ჩემთვის არის გასაგები, ეს გასაგები იქნება ევროპარლამენტარებისთვისაც და ამერიკელებისთვის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროპარლამენტარებთან  შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა იციან - ხელისუფლება ძლიერია, ამიტომ მათი თხოვნაა, რომ ცუდი და სუსტი ოპოზიცია როგორმე შეინარჩუნონ.

 

 


close დახურვა